ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
2024 წლის დეკემბერში ექსპორტი დაახლოებით შვიდი პროცენტით გაიზარდა და 550 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის ჭრილში რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები.
როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, 2024 წელს საქონლის ექსპორტი დაახლოებით რვა პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 23 მილიარდ. აშშ. დოლარს აღემატება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები მიმდინარე წელსაც, მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ზოგადად ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ. ამდენად, მოველით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდა მომდევნო წლებშიც მაღალ დონეზე შენარჩუნდება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.