ვახტანგ ჭარაია - პრემიერმა საპენსიო და საბანკო რეფორმებზე სასაუბროდ კონსტრუქციული ფორმატი აირჩია, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა კონსტრუქციული განწყობა
ვახტანგ ჭარაია - პრემიერმა საპენსიო და საბანკო რეფორმებზე სასაუბროდ კონსტრუქციული ფორმატი აირჩია, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა კონსტრუქციული განწყობა

მთლიანობაში პოზიტიურად შევაფასებდი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და განმარტებებს ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო საბანკო რეგულაციები და საპენსიო რეფორმა. მისი მხრიდან საკმაოდ კონსტრუქციული ფორმატი იყო არჩეული ამ საკითხების წარმოსაჩენად, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ვახტანგ ჭარაიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინტერპელაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ არჩეული რეფორმები მისასალმებელია.

„სამწუხაროდ, პარლამენტში იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც არ იყვნენ განწყობილები კონსტრუქციულად დიალოგისადმი და გარკვეული ხარვეზები შეიქმნა ამ მხრივ.

იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, მათ შორის, ამ რეფორმების ხელმძღვანელი პირველი პირებიდან, ძალიან კარგია პრემიერ-მინისტრისა და სხვა მინისტრების მსგავსი ვიზიტები პარლამენტში, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირდა. ეს ხელს უწყობს საზოგადოებას და მთავრობის შორის მეტ კომუნიკაციას და ურთიერთგაგებას.

ვფიქრობ, მთავრობის მიერ არჩეული რეფორმები, თუნდაც საპენსიო რეფორმა თუ საბანკო რეგულაციები, მისასალმებელია. ეს საჭირო რეგულაციებია, რადგან არ არის იმ კატეგორიიდან, რომლებიც წნეხში ამყოფებს მოსახლეობას. ეს არის ის სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც სასიკეთოდ აისახება ბიზნესზეც, მოქალაქეებსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე”, – განაცხადა ჭარაიამ.