ვახტანგ ჭარაია - მეჩვენება, რომ ბიზნესის მხრიდან კორონავირუსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გადაჭარბებულია
ვახტანგ ჭარაია - მეჩვენება, რომ ბიზნესის მხრიდან კორონავირუსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გადაჭარბებულია

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ საქართველოს შესაძლოა, საშუალო რისკის შემთხვევაში დაახლოებით, 100-120 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენოს, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუმცა, ეს თანხა საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში არ არის ის მოცულობა, რომელიც ქვეყანაში რამე კრიზისს შექმნის. თუნდაც, სამუშაო ადგილების ან ქვეყნის ეკონომიკის აქტიურობის თვალსაზრისით. ცალსახად, ეს არის პრობლემა, თუმცა, ეს არ არის ის მასშტაბი, სადაც ჩვენ რაღაც განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ამ განცხადებით ვახტანგ ჭარაიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ეკონომიკური ზარალი შეიძლება, მიიღოს ქართულმა ეკონომიკამ კორონავირსუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შედეგად.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ზარალი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას ჩინეთსა და ირანთან დაწესებულმა შეზღუდვამ, როგორ აისახება რიცხვებში იტალიასთან დაწესებული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა და რამდენად შეუძლია სახელმწიფოს ბიზნეს სექტორის დახმარება, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომ ამ ტვირთის საკუთარ მხრებზე აღება არათუ ქართულ სახელმწიფოს, ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებსაც გაუჭირდებათ და ამიტომ, ქვეყნის წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ და ბიზნესმა.

„მე ზოგადად, ბიზნესის მომხრე ვარ და პრობიზნესულ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ამ ბოლო დღეებში შეიძლება ითქვას, ნაწყენიც ვარ ბიზნესსექტორზე, რადგან მეჩვენება, რომ მათი მხრიდან აჟიოტაჟი გადაჭარბებულია. როდესაც ბიზნესს უჭირს, ეს სხვადასხვა პარამეტრებში ვლინდება. მაგალითად, როდესაც სასტუმრო ინდუსტრიას უჭირს და მასთან კლიენტი არ მიდის, მათი საპასუხო რეაქცია, როგორც წესი, ფასების შემცირება უნდა იყოს, რომ სხვა კლიენტები მივიდნენ. შეიძლება, უცხოელი არ ჩამოვიდეს, მაგრამ ადგილობრივი მივიდეს. სხვათა შორის, ვეძებდი და სულ რაღაც ერთი-ორი სასტუმრო ვნახე, რომელსაც კორონავირუსიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის რაღაც ტიპის აქცია-შეთავაზება აქვს. შემდეგ, „ბუქინგზეც“ გადავამოწმე, სადაც ამ სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებლების ნახვაც შეიძლება და ვნახე, რომ ფაქტობრივად, გადავსებულია. ანუ, იმ სასტუმროებმა, რომლებმაც ეს აქცია დააანონსეს, ავტომატურად, ოპერატიულად მიიღეს სხვა კლიენტები“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

მისი თქმით, ბიზნესმა ჯერ უნდა დაანახოს სახელმწიფოს, რომ მართლა უჭირს და შემდეგ შეიძლება, მას სახელმწიფო დაეხმაროს.

„თუ ბიზნესს მასობრივად აქვს პრობლემა, მაშინ ეს მასობრივად უნდა ხდებოდეს და არა გამონაკლისის სახით, რომ ერთი-ორი სასტუმრო აცხადებდეს გასაჭირის და იმის შესახებ, რომ მზად არის, კლიენტს შეღავათი შესთავაზოს. ამის ნიშნებს მე ვერ ვხედავ, რომ ბიზნესს უჭირს და მეეჭვება, ქვეყანაში ვინმე ხედავდეს. სადმე გაგიგიათ რამე აქციაზე ან შეღავათზე და შეთავაზებაზე, მოდით, ჩვენთან დაისვენეთ, შეღავათებს მოგცემთ და ასე შემდეგო? ასეთი რამ ფიზიკურად არ არის. მე ვხედავ მხოლოდ იმას, რომ მთავრობა უნდა დაგვეხმაროსო. ასეთი დამოკიდებულება სამწუხაროდ, არ არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ამიტომ, ბიზნესს თავისი წილი პასუხისმგებლობა მართებს. თუ პრობლემა უფრო მძიმე იქნება, რა თქმა უნდა, მთავრობა უნდა დაეხმაროს, მაგრამ ამ ეტაპზე მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.