ვახტანგ ბუცხრიკიძე - მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა განათლების რეფორმაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით, პარტნიორობას დავამყარებთ
ვახტანგ ბუცხრიკიძე - მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა განათლების რეფორმაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით, პარტნიორობას დავამყარებთ

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით განათლების რეფორმა, რაზეც გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი  ქვეყნის გრძელვადიანად განვითარებისთვის.

„რაც შეეხება ბოლო პერიოდის აქტივობებს, ვფიქრობ, სასწრაფოდ იქნება მნიშვნელოვანი ის რეგულაციები, რაზეც იყო საუბარი ანუ საპროცენტო განაკვეთის 50 პროცენტამდე შემცირება. ვფიქრობ, ეს დროზე იქნება გასაკეთებელი, რადგან ჭარბვალიანობაზე მართლაც უკვე დიდი ხანია საუბარია და რაც უფრო სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება, მით უფრო სწორი იქნება“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძესთან ფინანსთა მინისტრობის დროს თანამშრომლობდა. ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება.

„როდესაც მამუკა ბახტაძე იყო ფინანსთა მინისტრი, ჩვენ ერთად ვსაქმიანობდით და ის ახალი ინიციატივა განათლებასთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, ჩვენ პარტნიორობას დავამყარებთ“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ბანკებთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის მიდგომას, ვახტანგ ბუცხრიკიძე ჭარბვალიანობასა და საპროცენტო განაკვეთების 50 პროცენტამდე შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „თიბისი ბანკი“ არასდროს იყო  მაღალპროცენტიანი სესხების ბაზარზე.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი საქმიანობის 1 პროცენტზე ნაკლები აქტივობა იყო ყოველთვის და დღესაც არ არის ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სეგმენტი. აქედან გამომდინარე, არასდროს იყო ჩვენი ძირითადი საქმიანობის სფერო. რაც შეეხება ჭარბვალიანობას, ეს ძირითადად, ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.  თუ შევადარებთ საკრედიტო პორტფელის ხარისხს, რა ტიპის სესხებს იძლევიან ბანკები, ამ შემთხვევაში, ძირითადად, ეს არის ბიზნეს სესხების დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჭარბვალიანობა გამოწვეულია ძირითადად მიკროსაფინანსო კომპანიების დაფინანსებით. ბოლო ინიციატივები, როდესაც რეგულაციაში მოექცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საპროცენტო განაკვეთების ჯერ 100 პროცენტამდე შემცირებით და დღეს მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა განაკვეთის 50 პროცენტამდე შემცირება, სწორი ინიციატივაა, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ამასთან, რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მოგების გადასახადი რეფორმა  ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„18 თვის განმავლობაში საკმაოდ პოზიტიური შედეგი იყო, იგივე ბიუჯეტის შემოსავლების, ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ასევე, ეკონომიკური ზრდა ბოლო თვეების განმავლობაში 5,5 პროცენტზე მეტი იყო, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში 6,5 პროცენტს გადასცდა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და აღნიშნული შედეგი აჩვენებს ყველაფერს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე –  იყო თუ არა შეცდომები კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ ბიზნესიდან გამომდინარე ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ხარ და გინდა მეტი იყოს, ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდეს და მეტი რეფორმა გატარდეს.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 13 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობამ კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. 

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი განათლებას, ინოვაციას და ახალგაზრდობას ეხება. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.