ვახტანგ აბაშიძე - სატელეკომუნიკაციო სფეროს სარეგულაციო კანონმდებლობა ევროპულთან თითქმის შესაბამისობაშია, მაგრამ გარკვეული გამოწვევები რჩება
ვახტანგ აბაშიძე - სატელეკომუნიკაციო სფეროს სარეგულაციო კანონმდებლობა ევროპულთან თითქმის შესაბამისობაშია, მაგრამ გარკვეული გამოწვევები რჩება

ქვეყნის სატელეკომუნიკაციო, ინტერნეტ განვითარების სფეროს სარეგულაციო რეჟიმის თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან თითქმის შესაბამისობაშია, მაგრამ გარკვეული გამოწვევები და სხვაობები არსებობს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარე ფორუმში  – „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ მონაწილეობს.

მისი თქმით, საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული  წლის ბოლომდე სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს საკუთარი კანონმდებლობა და სარეგულაციო ბაზა ევროპულ სამართლებრივ ბაზასთან.

აბაშიძის განცხადებით, ფორუმზე განიხილავენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც  თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში აწუხებს მთელ მსოფლიოს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული განვითარება და მის პარალელურად, რისკების შეფასება და პრობლემების თავიდან აცილება, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში არსებობს.

„ეს არის იგივე კიბერუსაფრთხოების თემები, საავტორო უფლებების დაცვა, პერსონალური მონაცემების დაცვა. კონტენტს რაც შეეხება, ინტერნეტ სივრცეში ამ კუთხით მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე.  რაც მთავარია, ძალიან სერიოზული პრობლემა არის, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს შორის. სწორედ ამაზე მიდის მსჯელობა“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემები დაწყებული კიბერუსაფრთხოების რისკებიდან, ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცულობის რისკებით დასრულებული საქართველოშიც დგას.

„აქ იყო საუბარი, რომ ევროკავშირის დონეზე მიღებულია ახალი დირექტივები, ახალი გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები არის ჩარჩო, მათ შორის ჩვენთვისაც და ამ ჩარჩოს ფარგლებში, რა ღონისძიებები იქნება ქვეყნების დონეზე განხორციელებული, ეს უკვე ჩვენი სამუშაო პროცესია.  აღნიშნული ვალდებულებები გვაქვს შესასრულებელი. ეს ვალდებულება კი არა, აუცილებლობაა, რომელსაც გვკარნახობს დღევანდელი თანამედროვე  ტექნოლოგიების განვითარება“, – განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება კიბერუსაფრთხოების თემებს, მისი თქმით, ამ საკითხში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სამინისტროები.

„სატელეკომუნიკაციო სექტორში სარეგულაციო ბაზასთან დაკავშირებით,  ეს გახლავთ მარეგულირებლის ვალდებულება, ისევე, როგორც მთავრობას აქვს თავისი მიმართულებები სტრატეგიის განსაზღვრის, ციფრული განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. ამაზე ვმუშაობთ, როგორც კომისია, ისე მთავრობა ჩვენ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა.

ამასთან, აბაშიძის განმარტებით, რაც შეეხება ელექტრონულ კომუნიკაციებს და ცვლილებებს საკანონმდებლო ბაზაში, ეკონომიკის სამინისტროსთვის უკვე გადაგზავნილია შესაბამისი პროექტი.

„ამ პროექტზე თავის დასკვნებს, თავის დამოკიდებულებას გამოხატავენ უახლოეს პერიოდში კომპანიები და ყველა დაინტერესებული პირი. იმედი მაქვს, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი დაიწყებს ამ კანონმდებლობის განხილვას და მიიღებს წლის ბოლომდე. ისევე როგორც, მაუწყებლობის სფეროში გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები შესასრულებელი, ესეც უახლოეს პერიოდში ალბათ, ამ ერთი თვის განმავლობაში იქნება გადაგზავნილი პარლამენტში და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული ცვლილებებიც იქნება მიღებული. როგორც ერთ შემთხვევაში, ასევე მეორე შემთხვევაში, საუბარია საავტორო უფლებების ნაწილზე, კონტენტის დაცვაზე, პერსონალურ მონაცემებზე“, – განაცხადა აბაშიძემ.

საქართველო ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგს – EuroDIG 2018-ს მასპინძლობს.

 

დატოვე კომენტარი