ვახტანგ მეგრელიშვილი - არ შეიძლება, ადამიანებს დააკისრო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონტროლიც შეუძლებელია, ვირუსის კონტროლი შეუძლებელია
ვახტანგ მეგრელიშვილი - არ შეიძლება, ადამიანებს დააკისრო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონტროლიც შეუძლებელია, ვირუსის კონტროლი შეუძლებელია

მე შემიძლია, დავპატიჟო ჩემნაირი ნორმალური ადამიანები, რომ სადღაც მივიდეთ შესაკრებად, იქ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, ეკეთება პირბადე, ხელები ექნება დაბანილი, თუ დისტანციას დაიცავს. როგორ შეიძლება, მე ასეთ რამეზე პასუხისმგებლობა ავიღო, – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვახტან მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმ ნაწილში, რომ აქციაზე იწვევს ხალხს, სადაც რეკომენდაციებს ვერ იცავენ.

„რისი პასუხისმგებლობა? მე შემიძლია, დავპატიჟო ჩემნაირი ნორმალური ადამიანები, რომ სადღაც მივიდეთ შესაკრებად, იქ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, ეკეთება პირბადე, ხელები ექნება დაბანილი, თუ დისტანციას დაიცავს. როგორ შეიძლება, მე ასეთ რამეზე პასუხისმგებლობა ავიღო, ეს ხომ არაბუნებრივია?! რა კონტროლი, ეს ხომ სიგიჟეა?! სიგიჟის კონტროლს მთხოვთ და მეუბნებით პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა, რანაირად“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, კორონაპანდემიის მართვაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.

„კორონაპანდემიით ჩვენ მივიღეთ მთელი ის ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, ცოტა ხანში შესაძლოა, მონეტარული სისტემა დაგვემხოს თავზე. კაცმა არ იცის, ახლა რა ხდება. ამ ყველაფრის ფონზე, ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან გამოიყენება პოლიტიკური მიზნებით. მაგალითად, ხვალ შეიძლება, გამოგვიცხადონ, რომ კვირის აქცია არის მთავარი საშიშროება ქვეყნის ჯანმრთელობის. მე იმას ვიძახი, რომ განა ვირუსი არ არსებობს, მაგრამ ზუსტად ხელისუფლების ეს ისტერიული დამოკიდებულება და ამ პანდემიის გამოყენება საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებში, არის მთავარი პრობლემა. სრულიად განსხვავებული მორალური პოზიცია მაქვს, რომ ვინც ასე იქცევა და ერთ ადამიანს საერთოდ ღირებულებად მიიჩნევენ, ამ წესებით ადამიანები ჰგონიათ ცხვრები და ფარა. როდესაც პოლიციელი იძულებით დასდევს ადამიანს, ნიღაბი გაიკეთეო და აჯარიმებს და კიდევ რა სიგიჟე წესებს ადგენს ეს მთავრობა, ამ კითხვების დასმა არის დიდი სირცხვილი.

მას შემდეგ, რაც ქუჩებს რეცხდნენ, ერთი ადამიანის გამო მარნეულს კეტავდნენ, დღეს რომ ეს ხალხი მოდის და ვიღაცას ამუნათებს, რომ ვიღაცა არ ზრუნავს ამ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ეს არის ამორალური. მგონია, რომ ასეთ სიგიჟეს თუ არ შეეშვება ხელისუფლება, ის მიიღებს რევოლუციას და ისეთ რევოლუციას მიიღებს, რომელსაც ვეღარც კორონა უშველის და ვერაფერი ვერ უშველის“, – განცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ადამიანებს დააკისრო პასუხისმგებლობა ვირუსის გამო, რომლის კონტროლიც შეუძლებელია.

„ადამიანის პასუხისმგებლობაა, თუ როგორ მოიქცევა. არ შეიძლება, ადამიანებს დააკისრო პასუხისმგებლობა ისეთ რამეზე, რომლის კონტროლიც შეუძლებელია. ვირუსის კონტროლი შეუძლებელია.

მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს ის, რომ ხელები ხშირად დავიბანო, მივხედო ჩემს თავს და მოხუც ადამიანებთან არ ვიკონტაქტო. გარდა ამისა, მეცნიერულად, მთელს მსოფლიოში, არც ერთი ღონისძიება, საქართველოს მთავრობის, ამერიკის მთავრობის თუ ნებისმიერი მთავრობის, არ არის დადასტურებული, რომ ეს ღონისძიება არის ამ პანდემიის წინააღმდეგ მიმართული აუცილებელი ზომა, რომელსაც აქვს შედეგი. შესაბამისად, ნებისმიერ ძალოვან ღონისძიებას, რომელსაც ეს მთავრობა ვითომ პანდემიის მიზეზით გაატარებს, მე მივიჩნევ პოლიტიკურ ზომად“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.