ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება
ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, – ამის შესახებ „ევექსის“ რეგიონული ჰოსპიტალის გადაუდებელი რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ პირველ არხს განუცხადა.

ოთარ დიხამინჯიას თქმით, ოთხი დაშავებული კლინიკაში დღეს 08:30-ზე შეიყვანეს.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. დადასტურდა ელენთის დაზიანება და ქვედა კიდურების ძვლების მოტეხილობა. მას უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. სამის მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი ახლა ეწერება კლინიკიდან, ერთი დაშავებული კი მოგვიანებით გაეწერება“, – განაცხადა ოთარ დიხამინჯიამ.

თბილისში, დილით ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.