ვაკა გორგილაძე - როგორც ჩანს, გიორგი გახარია ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოებრივ განწყობებს
ვაკა გორგილაძე - როგორც ჩანს, გიორგი გახარია ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოებრივ განწყობებს

პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ მინისტრი ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოებრივ განწყობებს.

„მოვუსმინე გიორგი გახარიას გამოსვლას და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ მოკლე პერიოდში მინისტრს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს საერთოდ პროცესები და რეფორმები შინაგან საქმეთა სისტემაში მთლიანად.

ვფიქრობ, სავსებით ადეკვატური და რელევანტური იყო იმ საფრთხეების მიმართ, რა საფრთხეებსაც თითოეული ჩვენგანი ხედავს და თვალყურს ადევნებს. ბუნებრივია, მან გააკეთა აქცენტი რეფორმების განხორციელებაზე და განსაკუთრებით, ეს რეფორმები ეხება კრიმინალურ პოლიციას და სასაზღვრო პოლიციას. მან აღნიშნა ასევე რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა საპატრულო პოლიციაში, ძალიან მნიშნველოვანია, მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია და მთლიანად შინაგან საქმეთა სისტემა უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. მან თქვა, რომ საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს და სანამ მოხდება ეს გამიჯვნა, ის ქმნის ახალ ინსტიტუციას შინაგან საქმეთა სამინსიტროს წიაღში, ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც, როგორც მე ვხვდები, იქნება ფოკუსირება ქალთა უფლებებთან დაკავშირებით და ახალგაზრდობაში მოხშირებულ ძალადობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაკა გორგილაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეტყობინება იყო მოხსენებაში – გიორგი გახარიამ თქვა, რომ ცალკეული ინსტიტუტი მარტო ვერ დაამყარებს წესრიგს.

„ცხადია, საუბარია არა მხოლოდ ცალკეულ უწყებებთან ეფექტურ კოორდინაციაზე, რაც თავისთავად, უნდა იყოს. მგონია, ეს მესიჯი უფრო ეხებოდა საზოგადოებას, როდესაც მაგალითად, 100 ადამიანი არის მომსწრე დანაშაულის და არც ერთი მათგანი არ ავლენს პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილს. ამ ვითარების გამოსწორებას ვერ მოახერხებს ვერც შსს და ვერც სახელმწიფო მთლიანად, თუ არ იქნება მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ამ თვალსაზრისით, ეს შეტყობინება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რელევანტური.

ის, რომ მთავარი საფრთხეები არის მაგალითად ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა, აბსოლუტურად ვიზიარებ, ასევე, ნარკოდირელერებთან დაკავშირებით. ის, რომ საფრთხე არის და ამის საფუძველზე საუბარი არის სასაზღვრო პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, რომ სასაზღვრო პოლიციას ჰქონდეს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს შესაბამისი, ვინაიდან მიგრანტთა ნაკადის მართვა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, თან ევროკავშირის ვალდებულებების გათვალისწინებით.

აქედან გამომდინარე, აქცენტები ძალიან სწორი იყო, როგორც ჩანს ძალიან კარგად გრძნობს მინისტრი ამ საზოგადოებრივ განწყობებს, რაც აისახა კიდეც მის მოხსენებაში.

მგონია, არაფერი არარეალისტური არ უთქვამს მინისტრს. მან თქვა, რომ რეფორმების განხორიელებას ეტაპობრივად აპირებს, რომ იქნება მკაცრი, დასახა პრიორიტეტები, რომელშიც აბსოლუტურად ვეთანხმები და მგონია, მას საზოგადოებაც ეთანხმება. ის, რომ საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული და ორიეტირებული თანამშრომლობაზე, როცა საქმე ეხება დანაშაულს, ეს საზოგადოების პრობლემაა და საზოგადოებამაც უნდა გამოაჩინოს ამ თვალსაზრისით ძალისხმევა. ვფიქრობ, ძალიან საღი მიდგომა აქვს გიორგი გახარიას გამოწვევების მიმართ“, – განაცხადა ვაკა გორგილაძემ.