ვაისის საქართველოს ნაკრებს ისტორიაში შესვლა შეუძლია - ყაზახებმა სლოვაკი სპეციალისტი გაიხსენეს
ვაისის საქართველოს ნაკრებს ისტორიაში შესვლა შეუძლია - ყაზახებმა სლოვაკი სპეციალისტი გაიხსენეს

ვლადიმირ ვაისი ყაზახეთში გაიხსენეს და სინანული გამოხატეს, რომ არ ჩააბარეს ქვეყნის ეროვნული ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის შესარჩევ ციკლში სწორედ სლოვაკი სპეციალისტის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ორჯერ დამაჯერებალდ დაამარცხა – საქართველოს ნაკრების სლოვაკი მწვრთნელის შესახებ ყაზახურმა გამოცემა „ვესტიმ“ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

„ოთხი წლის წინ ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. რასაკვირველია, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა შედეგს აჩვენებდა ის ყაზახეთის ნაკრებში, 2016 წელს კონტრაქტი რომ გაეფორმებინა. მაგრამ არ გვტოვებს შეგრძნება, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, ასეთი მწვრთნელი რომ არ მოიწვიეს – წერს გამოცემა.

„ვესტი“ იმ წარმატებაზე წერს, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ვაისის ხელში მიაღწია: 

ვაისმა საქართველოს გუნდში დაუყოვნებლივ დაიწყო სისტემატური, გააზრებული მუშაობა. პირველ შესარჩევ ციკლში ვაისის გუნდს ერთი გამარჯვებაც არ მოუპოვებია. მაგრამ გუნდის პოტენციალი აშკარა იყო. ვაისს უყვარს შემოქმედებითი ფეხბურთი (რაც ქართველ მოთამაშეებს კარგად შეუძლიათ), მაგრამ მისთვის ასევე მნიშვნელოვანი დისციპლინაა (ეს ქართველებს აშკარად აკლდათ). ერთა ლიგაზე საქართველო და ყაზახეთი ერთად მოხვდნენ. „ასტანაში“ სტოილოვის მუშაობის შემდეგ მისგან ყველა სასწაულს ელოდა. მაგრამ პირველივე ოფიციალურ მატჩში ქართველებმა სტოილოვის გუნდი მიწაზე დაანარცხეს. სხვაობა 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ გამოაჩინა და ყაზახეთის ფანებში სტოილოვისადმი აღფრთოვანების ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა. სანამ ყაზახეთი ანდორასთან და ლატვიასთან წვალობდა, ვაისის საქართველო მეტოქეებს მოლეკულებად შლიდა და ციკლი პირველ ადგილზე (18-დან 16 ქულა) დაასრულა“.

გამოცემა იმ ისტორიულ შანსზე წერს, რომელიც ვაისის ხელში საქართველოს ნაკრებს გაუჩნდა:

ვაისის საქართველო ბოლო ოთხ წელიწადში უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ყაზახეთი. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი მთელი ამ ხნის განმავლობაში აშენებს პერსპექტიულ, ამბიციურ გუნდს. მას შეუძლია ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს და გუნდი დიდ ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანოს. საქართველოს ამ მიღწევისგან სულ ორი ნაბიჯი აშორებს – ისინი ელიან ბელორუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალს და სავარაუდოდ, ფინალს კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილის გამარჯვებულთან“.