ვაჟა სირაძე - თბილისის მასშტაბით ყველა კინოთეატრში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ვაჟა სირაძე - თბილისის მასშტაბით ყველა კინოთეატრში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ თბილისის მასშტაბით ყველა კინოთეატრში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში ამ დროისთვის დაწყებულია უკვე კინოჩვენება. კინოჩვენება მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. პოლიცია აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სირაძემ „გალერეა თბილისში“, სადაც კინოთეატრ „კავეაში“ ფილმის ჩვენება მიმდინარეობს.

„გალერეა თბილისი“ შენობაში იმყოფება „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი.

მის თქმით, დღეს არ აპირებს რადიკალური ზომების გამოყენებას და პოლიციას წინააღმდეგობას არ გაუწევს. მისი თქმით, პლაკატებით, რომელიც ფილმის ჩვენების წინააღმდეგ დაიბეჭდა შეარცხვენს ფილმის მაყურებელს.

„ვაპირებთ, მცირე რაოდენობით ვიდგეთ და გავაპროტესტოთ ფილმის ჩვენება. თუ პოლიცია წავა, ფილმის ყურებას ჩავშლით. პოლიცია რომ არ იყოს, ეს კინო არ გავიდოდა. მინდა, ვთხოვო სუხიშვილებს, ერთი კონცერტი ჩაატარონ, რათა ხალხს ამ ფილმის შემდეგ გული არ აუცრუვდეს ქართულ ცეკვაზე. ბავშვებს ამ ფილმის შემდეგ ცეკვაზე სიარულის ეშინიათ, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შენობაში ამ დროისთვის გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია ხუთსართულიანი შენობის ყველა სართულზე იმყოფება.