ვაჟა სირაძე - ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას
ვაჟა სირაძე - ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ორივე აქციის მონაწილეებთან ჰქონდათ საუბარი. მისი თქმით, აქცია დასრულდა და პირველ რიგში პარლამენტის მიმდებარედ მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას.

„პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია, პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარედ არსებული ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუცია და ასეც არის, დამერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართა, რომელშიც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებიც მონაწილეობდნენ. პარალელურად, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს პარლამენტთან მისვლა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

დატოვე კომენტარი