ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის ინფორმაციით, დაკავებული ექიმი თავს მხნედ გრძნობს და ნორმალურ პირობებში იმყოფება
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის ინფორმაციით, დაკავებული ექიმი თავს მხნედ გრძნობს და ნორმალურ პირობებში იმყოფება

ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაკავებული ექიმის შვილმა, თათა გაფრინდაშვილმა განუცხადა.

მისივე განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მოინახულეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ოჯახს დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

თათა გაფრინდაშვილის თქმით, ვაჟა გადრინდაშვილმა „წითელ ჯვარს“ განუცხადა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ მომხდარა.

„ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ დამაკმაყოფილებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავადაც უთხრა, რომ კარგადა.  ანუ, თვითონ მხნედ იყო და თქვა, რომ პირობები ნორმალურია,” – განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

როგორც ცნობილია, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დელეგატებმა ცხინვალის ციხეში შესვლა 14:00 საათისთვის შეძლეს. როგორც ორგანიზაციაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, დელეგატებმა ვაჟა გაფრინდაშვილს გადასცეს ოჯახის წერილი და მან საპასუხო წერილიც დაუბრუნა ოჯახს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლის მაია ქარდავას განცხადებით, შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გაცემის მანდატი არ აქვთ და ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოჯახს მიეწოდება.

„მოგეხსენებათ, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი არ აკეთებს ხოლმე საჯარო განცხადებებს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში განხორციელებული ვიზიტების შესახებ, თუმცა მოხარულები ვართ, რომ მოხერხდა ეს ვიზიტი. ბატონ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი და მან შესაბამისად მოიწერა პასუხი წერილზე. ჩვენ მოგვმართა ბატონი ვაჟას ოჯახმა და გვაცნობა მისი დაკავების შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებდით მათი ინტერესის გათვალისწინებით, ასევე, ჩვენი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატის ფარგლებში,“ – განაცხადა მაია ქარდავამ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გუშინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე არხიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება.