ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდან არის ამოღებული
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩანაწერები, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა, ადასტურებს, რომ რუსეთის მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კვლავ ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა ჩანაწერები დღეს გაავრცელა.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდან არის ამოღებული.
„რუსეთის მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კვლავ ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას. აღნიშნულ ჩანაწერებს და დიალოგებს არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან და მხოლოდ ააშკარავებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწერილ სცენარს საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მხრივ. ისევე როგორც ანდროიდის უმეტეს მომხმარებელს, ვაჟა გაფრინდაშვილსაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა გადმოწერილი ხმის ჩამწერი აპლიკაცია მობილურში. ამასთან, პირადი საუბრების საჯაროდ გავრცელება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია“, – ნათქვამია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებაში.