ვაჟა გაფრინდაშვილი - შეწყალების თხოვნაში ბრალი არ მიღიარებია
ვაჟა გაფრინდაშვილი - შეწყალების თხოვნაში ბრალი არ მიღიარებია

შეწყალების თხოვნაში ბრალი არ მიღიარებია, – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობა ყველას, ვნერვიულობ. არ არის გასაკვირი, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს, ექიმობა ავირჩიე, სადაც უფრო სხვას უსმენ და ნაკლებს ლაპარაკობ“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მან ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ორჯერ შევძელი ტელევიზიის ნახვა და მხოლოდ პირველ არხს იჭერდა. მცირე ინფორმაციას ვიღებდი ადგილობრივი გაზეთებით. ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, ამხელა მხარდაჭერას არ ველოდი. მოლოდინს ბევრად გადააჭარბა, რაც ვნახე. მადლობა ყველას“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ წავიდა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ტერიტორიისკენ.

„გასახსენებელი ბევრი არაფერია, ერთი-ერთი მთავარი მიზეზი, რაც იყო, ეს იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა, რომლის გვარს და სად ცხოვრობდა, ვერ ვიტყვი, რადგან შეექმნება პრობლემა იმ ადამიანს. წავედი სანახავად. რომ დამაკავეს, ვუთხარი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

​ამასთან, მისივე თქმით, შეწყალების თხოვნა გუშინ, საღამოს დაწერა.

„საღამოს, დაახლოებით შვიდი საათი იყო, იქ ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა“, – განმარტა ვაჟა გაფრინდაშვილმა.