ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი შემთხვევის შესახებ მეზობლები დეტალებს იხსენებენ
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი შემთხვევის შესახებ მეზობლები დეტალებს იხსენებენ

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინ საღამოს მომხდარის შესახებ მეზობლები დეტალებს იხსენებენ. როგორც საქართველოს პირველ არხს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე  დაკავებული პირის მეზობელი უყვება, მან გუშინ თავდაპირველად ოთხი გასროლა გაიგონა, მცირე პაუზის შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა კიდევ მოხდა.

„ოჯახთან ერთად სახლში ვიყავი, როდესაც სროლის ხმა გავიგეთ. თავდაპირველად ეს იყო დაახლოებით ოთხი გასროლა. საკმაოდ ახლო იყო, თუმცა ვერ დავინახეთ საიდან მოხდა. ოთხი გასროლის შემდეგ კიდევ რამდენიმე გასროლა იყო. დღეს დილიდან იყვნენ მობილიზებული სამართალდამცველები და ცოტახნის წინ გავიგე, რომ ამ კორპუსიდან მოხდა გასროლა“, – განაცხადა დაკავებული პირის მეზობელმა.

დაღუპული ქალის მეზობელი ლილი კაკალაშვილი ყვება, რომ სროლის ხმა საღამოს საათებში, დაახლოებით ცხრის ნახევარზე გაიგონა.

„მე სროლის ხმა გავიგე დაახლოებით ცხრის ნახევარზე. ამის შემდეგ მესმოდა მამაკაცის ყვირილი და ფეხის ხმა. ასეთი ასოციაცია მქონდა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოდიოდა ეს ხმა. დავინახე მერე სამედიცინო ინსტიტუტის სახურავზე ვიღაცების მოძრაობა. ჩვენთან არ ყოფილან სამართალდამცველები, უბრალოდ ვხედავდი, რომ დაბლა ეზოში ბევრნი იყვნენ“, – განაცხადა ლილი კაკალაშვილმა.

ფაქტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინ საღამოს მოხდა. შუახნის ქალი სავარაუდოდ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულის სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ დააკავეს.