ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი მაროშ შევჩოვიჩი ხვალ ვაშინგტონში გაემგზავრება დონალდ ტრამპის გუნდთან სატარიფო შეთანხმების მისაღწევად
ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი მაროშ შევჩოვიჩი ხვალ ვაშინგტონში გაემგზავრება იმ იმედით, რომ დონალდ ტრამპის გუნდთან პრინციპულ სატარიფო შეთანხმებას მიაღწევს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მაროშ შევჩოვიჩი ვიზიტის ფარგლებში სავაჭრო წარმომადგენელს, ჯემისონ გრირს შეხვდება.
„როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ წინადადებების პირველი პროექტები საბოლოო პრინციპული შეთანხმებისთვის, რომელზეც ვმუშაობთ“, – განაცხადა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შევჩოვიჩმა.
ევროკავშირის წყაროები ადასტურებენ, რომ ევროკომისია ამჟამად მთელ ძალისხმევას „სწრაფი შეთანხმებისკენ“ მიმართავს და არ ელოდება ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას.
შეგახსენებთ, გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მოლაპარაკებებისადმი ევროკავშირის მიდგომა გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ძალიან რთულია.