„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა იწყება
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა იწყება

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე დღეს პირველი მოსმენით დაიწყება მსჯელობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მთავრობის ინიციატივით წარდგენილი პროექტის მიზანი ადგილობრივი წარმოების ანტიდემპინგური იმპორტისგან დაცვაა.

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით, დოკუმენტზე მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო, კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციები კერძო სექტორის წარმომადგენლებათან იმართებოდა.

რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა.

„კანონპროექტზე მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტშიც მიმდინარეობდა. ამას მოწინააღმდეგე ყოველთვის ჰყავდა, ის ფრთა ეკონომიკაზე მოფიქრალი ადამიანების, რომლებიც ვფიქრობ, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები რომ უნდათ იყვნენ, დაახლოებით, ასეთ ლიბერალურ თემებში შედიოდნენ. ვფიქრობ, ეს არის პასიური კანონი, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებში ამდენ ქვეყნებთან უბრალოდ აუცილებელია. ეს არ არის კანონი, რომელმაც დღეისთვის არსებული რაიმე მწვავე პრობლემა უნდა მოაგვაროს, ეს გათვლილია მომავალზე, თანაც იმდენი ფილტრებია ამ კანონში ჩადებული, რომ მისი ბოროტად გამოყენება არ მოხდეს, რაც იყო ხოლმე ერთადერთი ფაქტობრივად გარკვეული მოსაზრება, ვინც იყო წინააღმდეგი ამ კანონის მიღების. დიდხანს იმიტომ გაგრძელდა ეს მოსმენები, რომ კერძო სექტორთან არაერთი კონსულტაცია გაიმართა, რათა სწორედ ეს ფილტრები დაკონკრეტებულიყო. მათი ზრუნვის საგანი იყო, რომ პრინციპში, კონსენსუსის საფუძველზე იყოს მიღებული ეს კანონი. ჩვენ თავისუფალი ბაზარზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, ეს ცალსახად ასეა, უბრალოდ ეს დაცვის მექანიზმი, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოგონილი და არა ჩვენს მიერ, მათთან შეთანხმების გარეშე არ ითვალისწინებს არაფრის შემოღებას. ამიტომ, მინდა, დავამშვიდო ყველა ლიბერალებიც და შედარებით ნაკლებად ლიბერალებიც, რომ ეს იქნება კანონი, რომელიც გამოადგება ჩვენს ეკონომიკას სამომავლოდ“მ- განაცხადა რომან კაკულიამ.

კანონპროექტი განსაზღვრავს ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღებისა და გამოყენების, ასევე სპეციალური კვლევის განხორციელების ძირითად წესს. ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო მთავრობა იქნება. ასევე 2020 წელს კონკურენციის სააგენტოში შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, ანტიდემპინგური დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე.