უზენაესმა სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო
უზენაესმა სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო

უზენაესმა სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ადვოკატების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ამ გადაწყვეტილების შესახებ განჩინებას სასამართლო სამ დღეში გამოაქვეყნებს.

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც კორტების სპეცოპერაციის ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი.

მსჯავრდებულების ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მათ ქონდათ მოლოდინი რომ არც უზენაესი სასამართლო არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას და ისინი აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო დიდი ალბათობით შეცვლის ქართული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რადგან, მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ ის პირები, რომლებმაც საქმეზე მსჯავრდებული პირების წინააღმდეგ ჩვენებებს იძლეოდნენ, ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულნი და შეთანხმებით ყვებოდნენ ამ ჩვენებებს.

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საბოლოოდ ამნისტიის შესახებ კანონით მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი.

ამავე განაჩენით, ფირცხალავა გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი.

ამავე განაჩენით გიორგი ცააძე გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა. შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი – დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სასჯელად საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ექვსი წელი.

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა სამი წელი. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე – დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ უკანონო დაკავებისთვის, დანაშაული საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.