უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს შესაძლოა, კომპენსაცია დაენიშნოს
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს შესაძლოა, კომპენსაცია დაენიშნოს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს შესაძლოა, კომპენსაცია დაენიშნოს.  შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.

ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში, 18 წლის ასაკის მიღწევამდე მის შვილებს, შრომისუუნარო მეუღლესა და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75 პროცენტის ოდენობით დაენიშნებათ.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, აღნიშნული წესი უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრის გარდაცვალებაზე ვრცელდება.

ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, სახელმწიფო კომპენსაცია 42 პირს აქვს დანიშნული. აღნიშნულ პერიოდამდე, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა და შეწყვეტილი აქვს ცხრა პირს,  ხუთს – გარდაცვალების გამო.

„კანონპროექტის მოსალოდნელი დამატებითი ხარჯი თითოეულ ოჯახზე შესაძლოა, თვიურად 380 ლარიდან 560 ლარამდე, ხოლო წლიურად 4 560 ლარიდან 6 720 ლარამდე მერყეობდეს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.