უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები დღეიდან იწყება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები დღეიდან იწყება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დღეიდან იწყება. პირველი შეხვედრა პრეზიდენტის მრჩევლებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის 12:00 საათზე გაიმართება.

კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხადება 2 აგვისტოს გააკეთა.

„ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ  ჩართულობას ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ყველა უნდა ჩაერთოს პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს, დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და მორალური ძალა, საზოგადოების  მხარდაჭერა, რათა დაიწყოს სასამართლო სისტემაში პოზიტიური პროცესები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ 2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა.  ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.