უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დღეს კონფერენცია „სანდო მართლმსაჯულება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართება. შეხვედრას საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრებიან.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებს გაეცნობიან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ჭეხანის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია პარლამენტი პოზიცია. მისივე თქმით, საინტერესოა, როგორ აპირებს საკანონმდებლო ორგანო მომავალში პროცესის წარმართვას.

„ეს არის საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო სექტორი, პარლამენტარები ესწრებიან და მთავარი განხილვის საგანი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად მიმდინარე პროცესები და მომავალში უკვე პარლამენტის როლი ამ შერჩევის პროცესში. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ კითხვები არსებობს, კითხვები გააჩინა პროცესმა, ტარდება ეს კონფერენცია, სადაც დაისმება არაერთი კრიტიკული კითხვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ პასუხები, განსაკუთრებით პარლამენტისგან, თუ როგორ აპირებენ მომავალში პროცესი წარიმართოს უფრო გამჭვირვალედ და ობიექტურად“, – განაცხადა გიორგი ჭეხანმა.

კონფერენცია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ 12:00 სააათზე გაიხსნება.