უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე ევროპულ სასამართლოში საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

ამის შესახებ მან დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმე ეხება სარჩელს, რომელიც მოსამართლე კაკაბაძემ სასამართლოში ბიზნესმენ ფადი ასლის წინააღდეგ შეიტანა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

ნინო გოგუაძემ ვლადიმერ კაკაბაძეს ჰკითხა, მოახდინა თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ამ საქმესთან დაკავშირებით, მის რეპუტაციაზე გავლენა: „გადაწყვეტილებამ, რაც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მიიღო უზენაესმა სასამართლომ, თქვენზე, როგორც მოსამართლის საჯარო რეპუტაციაზე, რამე გავლენა მოახდინა თუ არა?“ – ჰკითხა კანდიდატს გოგუაძემ.

ვლადიმერ კაკაბაძემ უპასუხა, რომ ევროპულ სასამართლოში აპირებს ჩივილს.

„ერთ საიდუმლოს ვიტყვი თქვენი კითხვის პასუხად.  გადაწყვეტილი მაქვს, რომ ევროპის სასამართლოს მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით.  ჩემს რეპუტაციაზე, ზოგადად, სასამართლო სისტემაზე, სამართლის განვითარებაზე როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება,  მე უფლებას ვიტოვებ, ამაზე პასუხი გავცე მაშინ, როდესაც ევროპის სასამართლო იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას“, – განაცხადა ვლადიმერ კაკაბაძემ.

ამასთან, სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კაკაბაძეს ჰკითხა, ყოფილა თუ არა პრეცედენტი, რომ რომელიმე ქვეყნის საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს თავის ქვეყნის წინააღმდეგ შეჰქონდეს საქმე ევროპის სასამართლოში, რაზეც კაკაბაძემ უპასუხა: „მე ევროსასამართლოში სარჩელს შევიტან არა ჩემი ქვეყნის, არამედ იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს”.