უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - საბჭოს წევრი ჩემი ყოფილი რძალია, ამჟამად ინტერესთა კონფლიქტი აღმოფხვრილია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - საბჭოს წევრი ჩემი ყოფილი რძალია, ამჟამად ინტერესთა კონფლიქტი აღმოფხვრილია

ვადასტურებ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი თამარ ონიანი არის ყოფილი რძალი, თუმცა ამჟამად ინტერესთა კონფლიქტი აღმოფხვრილია, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზურაბ აზნაურაშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, რომელიც საბჭოს ერთ-ერთ წევრთან ნათესაურ კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდა.

„თამარ ონიანი არის თქვენი მოქმედი რძალი. თქვენ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რომ წარგადგინოთ და შემდეგ პარლამენტმა აგირჩიოთ, ისტორიაში ეს დარჩება შავ ლაქად. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ძალიან მაღალი კონკურსის შედეგად უნდა იყოს არჩეული. ეს არის შემთხვევა, როდესაც ამ ლაქას ძალიან ძნელად თუ თქვენ ჩამოიშორებთ. ამიტომ გეკითხებით, გაქვთ საშუალება რომ ამაზე თქვენი აზრი გამოხატოთ. რაიმე დისკომფორტს გიქმნით თუ არა ის, რომ თქვენს კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდა თქვენი ოფიციალური რძალი“, – კითხვით მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, ამჟამად თამარ ონიანი მისი რძალი აღარ არის.

„მე ვადასტურებ რომ ის არის ყოფილი რძალი. ამჟამად თამარ ონიანი ოფიციალურად რეგისტრირებულ ქორწინებაში ჩემს ძმასთან აღარ არის. ჩემი აზრით ინტერესთა კონფლიქტი არის აღმოფხვრილი ამ საკითხზე მეტის თქმის სურვილი ნამდვილად არ მაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.