მოსამართლეობის კანდიდატი გრიგოლ გიორგაძე - სამოსამართლო სიღრმისეული გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ნდობას და იმედებს გავამართლებ
მოსამართლეობის კანდიდატი გრიგოლ გიორგაძე - სამოსამართლო სიღრმისეული გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ნდობას და იმედებს გავამართლებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გრიგოლ გიორგაძის კომპეტენციით დაინტერესდნენ.

კერძოდ, სერგო მეთოფიშვილის თქმით, ვინაიდან კანდიდატი გასაუბრების დროს გულწრფელად საუბრობს, საინტერესოა მისი, ასევე გულწრფელი პასუხი, შეესაბამება თუ არა მისი კომპეტენცია პირველი ინსტანციის მოსამართლის კვალიფიკაციას.

„გულწრფელად საუბრობთ და მინდა გულწრფელად გამცეთ პასუხი. თქვენ თვლით, რომ თქვენი კომპეტენტურობა საკმარისია, რომ იყოთ პირველი ინსტანციის მოსამართლე? ვთქვათ საბჭომ ახლა პირველ ინსტანციაში დაგნიშნათ, საუბარი არ არის მეორე და უზენაეს სასამართლოზე, ფიქრობთ, რომ სრულად აკმაყოფილებთ კომპეტენტურობას?” კითხვით მიმართა სერგო მეთოფიშვილმა გრიგოლ გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, შესაძლებელია მას არ ჰქონდეს სხვა კანდიდატების მსგავსი კვალიფიკაცია, თუმცა ფიქრობს, რომ იმედებს გაამართლებს.

„ისე, როგორც სხვადასხვა კანდიდატებს, სამოსამართლო სიღრმისეული გამოცდილება არ მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ მე ნდობას და იმედებს გავამართლებ“, განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამჟამად საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს უსვამენ კითხვებს.