უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ დადებით გადაწყვეტილებას ელოდება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ დადებით გადაწყვეტილებას ელოდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გიორგი მიქაუტაძე საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა შესარჩევად დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დადებითად არის განწყობილი.

მიქაუტაძე კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ჩატარებული პროცესის გამჭვირვალობამ, მასაც და სხვა კანდიდატებსაც პოზიტიური მოლოდინი შეუქმნა.

„კონკრეტულ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. ყველა ალბათ თავად გადაწყვეტს ამ საკითხს. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, ბუნებრივია, მაქვს დადებითი მოლოდინი. იმიტომაც ვარ ამ პროცედურასა და კონკურსში. ყველა კანდიდატმა საკმაოდ ბევრი ეტაპი გავიარეთ ძალიან ღიად და გამჭვირვალედ. ამიტომ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინი“ , –  განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

რაც შეეხება ოპიზიციის  განცხადებას, რომ უზენაესი სასამართლის მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესი პარლამენტში პროტესტის ფონზე ჩაივლის, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია.

„ყველას აქვს უფლება, კანონის ფარგლებში გააპროტესტოს ის, რისი გაპროტესტებაც სურს“ , – განაცხადა მიქაუტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება.

მოსამართლეობის კანიდატებს არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.

რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.