უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 7 აგვისტოს განახლდება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 7 აგვისტოს განახლდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს 7 აგვისტოს განაახლებს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს, გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, საბჭო კანდიდატებთან გასაუბრებას 7 აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყებს და კვლავ ორ კანდიდატს მოუსმენს.

„საბჭოს მოსამართლე წევრები პრაქტიკულად მოწყვეტილი ვართ ჩვენი უშუალო სამოსამართლო და სხვა ადმინისტრაციული ფუნქციებიდან შესაბამის სასამართლოებში. გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღე დავუთმოთ სასამართლოებს და არა გასაუბრებებს, თუმცა გასაუბრება განახლდება ოთხშაბათს. ორ კანდიდატს გავესაუბრებით. ესენი არიან ნუგზარ სხირტლაძე 10:00 საათზე და თამარ ლალიაშვილი, რომელიც დისტანციურად გერმანიიდან ჩაგვერთვება“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისა და კენჭისყრის პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.

„წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია, თუმცა ყოველდღიურად ვეცდებით, რომ გავესაუბროთ ორ-ორ კანდიდტს და როგორც დავთვალეთ, პროცესი დაახლოებით, აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. კანონი შეიცავს ასეთ რეგულაციას, რომ გასაუბრების დასრულებიდან უახლოეს საბჭოს სხდომაზე უნდა მოხდეს კენჭისყრა, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აგვისტოში უნდა დასრულდეს ყველაფერი, გასაუბრებაც და კენჭისყრაც“, – განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.