უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
გეგიძე მოუწოდებს კობახიძეს, იმოქმედოს და უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დროში კონკრეტულად გაწერილი პროცესი, თუ რა ფორმატში ხედავს და როგორ აპირებს აღნიშნული საკითხის განხილვას.
„ეს იქნება პარლამენტის ბიუროს ფორმატი, უმრავლესობის ფორმატი, კომიტეტების ფორმატი თუ საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, მედიის წარმომადგენლებთან ერთად საკითხის განხილვა. ანუ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს ხედვა, მხოლოდ საპარლამენტო სივრცე არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს მთელი პროცესი მოიცვას თუ საჭიროა, ასევე, აკადემიური, სამთავრობო სივრცეებშიც გადავიდეს პროცესი“, – აცხადებს გეგიძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი იყოს დღის წესრიგი, რა სახით მოხდება საკითხის განხილვა, დისკუსიისა და დებატების სახით თუ საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებებიც.
„რაც შეეხება შინაარსობრივ ასპექტს, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარე თავად გადაწყვეტს, რა სახით ჩაერთოს პროცესში, გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე თუ უბრალოდ, უყუროს პროცესს და შემდეგ დაელოდოს კენჭისყრებს. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ორიენტირებული შედეგზე და ამ შედეგს უნდა დაერქვას ერთი სახელი – პროცესმა უნდა შეიძინოს რესპექტაბელურობა. დღეს ეს პროცესი არც გამჭვირვალეა და რესპექტაბელურობასაც ძალიან მოკლებულია. ამ პროცესის მენეჯერი უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე და ყველას უნდა ჰქონდეს მასში ჩართვის საშუალება, კოლეგა დეპუტატებს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სუბიექტს. მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს და არ უნდა მოხდეს ისე, ბოლო წუთში რომ შემოდის ასეთი, ეროვნული მნიშვნელობის დონეზე აყვანილი საკითხები“, – აცხადებს გეგიძე.
ბიძინა გეგიძის განცხადებით, პროცესს გაჯანსაღება სჭირდება, რომელიც სრულიად მოუმზადებელი იყო და კრიტიკას ვერ უძლებს.
„როგორც მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხის წარმოდგენა, ასევე, როგორც მოხდა მურუსიძის უვადოდ გამწესება – ასეთი ფორმით გადაწყვეტილებების მიღება უნდა დამთავრდეს. საჯარო სივრცე არის სწორედ ის ადგილი, სადაც საჯარო პირებს არ უნდა მოგვერიდოს, არ უნდა შეგვეშინდეს ჯანსაღი ინიციატივების ინიცირება. ამავდროულად, ასეთი მნიშვნელობის საკითხებს უნდა წყვეტდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“ და რომელთა მკვეთრი რეაქცია ვნახეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება ქვეყანაში მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის საკითხს“, – აცხადებს ბიძინა გეგიძე.