ანრი ოხანაშვილი - ამერიკული მოდელით ვხელმძღვანელობთ, რაც სამუშაო ჯგუფში არასამთავრობოების ჩართულობას არ ითვალისწინებს
ანრი ოხანაშვილი - ამერიკული მოდელით ვხელმძღვანელობთ, რაც სამუშაო ჯგუფში არასამთავრობოების ჩართულობას არ ითვალისწინებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შედეგად კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები აირჩიოს, რომლებიც მოსამართლის მაღალ სტატუსს შეესაბამებიან.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანრი ოხანაშვილმა იმ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე ისაუბრა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს.

დეპუტატის ცნობით, სამუშაო ჯგუფში ჩართვის შეთავაზება მიიღო ყველა საპარლამენტო ფრაქციამ როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან. ასევე, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან აკადემიური წრისა და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები, რომელთა შორის არიან ჯონი ხეცურინი და თამარ ზარანდია.

„საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას და მათთან გასაუბრებას უკავშირდება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით გათვალისწინებული იქნა უზენაეს სასამართლოში ასარჩევი მოსამართლეების შერჩევის პროცესის უპრეცედენტოდ ღიად, გამჭვირვალედ და ხანგრძლივად წარმართვა. საზოგადოებამ კანონის მიღებამდე არ იცოდა, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირის ნომინირება და არანაირი საჯარო გასაუბრება არ წარიმართებოდა. ეს ყველაფერი შევცვალეთ და საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს კანდიდატებთან გასაუბრებას, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, საქართველოში პირველად, უშუალოდ იყოს ჩართული უმნიშვნელოვანეს პროცესში და ამ პროცესს დააკვირდეს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

დეპუტატი განმარტავს, რომ სამუშაო ჯგუფს საქმიანობისთვის ათდღიანი ვადა ექნება, 23 სექტემბრიდან კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყება.

ამასთან, ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგლამენტიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის არანაირი ვალდებულება არ არსებობს.

„ამერიკული მოდელით მივდივართ, რაც სამუშაო ჯგუფში არასამთავრობოების ჩართულობას არ ითვალისწინებს. ამერიკული მოდელით ამ პროცესს მხოლოდ სენატორები წარმართავენ, ჩვენ კი, კიდევ უფრო წინ წავედით, ამ პროცესში აკადემიური წრის წარმომადგენლები და პროფესიული გაერთიანებები ჩავრთეთ, ეს პროცესი გახსნილი იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზე, რომ კანდიდატებს კითხვები კომიტეტის ფორმატში დაუსვან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.