უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ
უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ.

დახურული შეხვედრა „ფონდ – ღია საზოგადოების საქართველოს” ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები სასამართლოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში არსებულ ხარვეზებზე მსჯელობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ხედვასა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდებიან. ასევე, აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატების დასახელებას პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების განხილვა შეეჩერებინა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას.