უზენაესი სასამართლო გიგი უგულავასთან დაკავშირებულ ე.წ. ფონდების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
უზენაესი სასამართლო გიგი უგულავასთან დაკავშირებულ ე.წ. ფონდების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

უზენაესი სასამართლო თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან დაკავშირებულ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

როგორც გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასიალაია აცხადებს, პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. ადვოკატის თქმით, აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაინიშნა და დაცვის მხარეს არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

„ვხედავთ, ბოლო პერიოდში როგორ გამძაფრდა პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე მედიაპერსონების წინააღმდეგ. ამას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ დაჭერები გაგრძელდება და რომ კიდევ ბევრი მოხვდება საპატიმრო დაწესებულებაში. ჩვენ გვახსოვს 2-3 თვის წინ გიგი უგულავაზე თავდასხმა, სადაც დაზარალებულად ცნობის მაგივრად თავად გიგი ცნეს ბრალდებულად. ჩვენ გვახსოვს, ბოლო პერიოდში როგორ გამძაფრდა და გააქტიურდა გიორგი კაპანაძის ცრუ ბრალდების პროვოკაციის საქმე, ეს ეხება ლეგალიზაციის ფაქტს, რაზეც პროკურატურა დაობს, თითქოსდა, ლეგალიზაციას ჰქონდა ადგილი და ეს არის ცრუ ბრალდება. ჩვენ გვახსოვს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები, მათ შორის თბილისის მერის ცრუ განცხადებები გიგისთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტი და მოცემულ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ ჩვენ გვაქვს ნეგატიური მოლოდინი“, – აცხადებს ადვოკატი.

ბექა ბასილაია საქმეში პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობს.

„გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება მძიმე პროცედურული დარღვევების ფონზე. ნაცვლად იმისა, რომ საქმე ექვს თვეში დასრულებულიყო, როგორც ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითხოვს, გაჭიანურდა და ერთი წლის თავზე ჩაინიშნა სხდომა. ამ საქმეში მონაწილეობს მოსამართლედ პირი, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა ამავე საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვასა და საკასაციო საჩივრის მომზადების პერიოდში და საქმე ჩაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე. დაცვის მხარეს არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობაც კი მოსპობილი აქვს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზებული და სასამართლო გადაწყვეტილებასა და მოქმედებების ორკესტრირებას ბიძინა ივანიშვილი ახდენს“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

რამდენიმე დღის წინ, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ არსებობს ეჭვი, მოსამართლე შალვა თადუმაძეს გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთის დავალება აქვს მიცემული.

„10 თებერვალს კოლეგია გაბინაშვილისა და დათუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ მოისმენს გიგი უგულავას ადვოკატისა და გიგი უგულავას პოზიციას, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე, ე.წ. ფონდის საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასრულდა იმდაგვარად, რომ გიგი უგულავას სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად. დღეს, როდესაც ამ სასამართლომ განაახლა საქმის განხილვა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული დათუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო.