უზენაეს სასამართლოში დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით გამართლებული ასლან ბეჟანიძის პროცესი გრძელდება
უზენაეს სასამართლოში დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით გამართლებული ასლან ბეჟანიძის პროცესი გრძელდება

უზენაეს სასამართლოში დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით გამართლებული ასლან ბეჟანიძის პროცესი გრძელდება.

საკასაციო სარჩელი უზენაეს სასამართლოში პროკურატურამ წარადგინა. მოსამართლეთა კოლეგიაში შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

პროკურატურა ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს. დავით ოთხმეზური 13 წლის წინ პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.

საქმე მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოაცხადეს გახსნილად. ასლან ბეჟანიძეს ბრალად ედებოდა 19 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. მან 9 თვე წინასწარ პატიმრობაშიც გაატარა.

საქალაქო სასამართლომ ბეჟანიძე გაამართლა, ასევე ის გაამართლა სააპელაციო სასამართლომაც. საკასაციო სარჩელში პროკურატურამ თქვა, რომ ბეჟანიძემ წლების წინ მკვლელობა ჩაიდინა, რაზეც ოპერატიული ინფორმაცია მაშინაც არსებობდა, თუმცა ის ოჯახის დახმარებით გამოძიებას მიემალა.

სასამართლო პროცესზე სიტყვით სარგებლობს დაცვის მხარე. ადვოკატი მიუთითებს იმაზე, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ.

უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ზეპირი მოსმენა ჩანიშნა. არ არის გამორიცხული, კოლეგიამ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.