უზბეკეთის ვიცე-პრემიერი - საქართველო ბევრ სფეროში სამაგალითო ქვეყანაა, გატარდა ეფექტიანი რეფორმები და ვეცდებით, გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი - საქართველო ბევრ სფეროში სამაგალითო ქვეყანაა, გატარდა ეფექტიანი რეფორმები და ვეცდებით, გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ

საქართველოს გამოცდილების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანა ძალიან ბევრ სფეროში სამაგალითოა, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელზე სიტყვით გამოსვლისას უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა, ელიორ განიევმა განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ელიორ განიევმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის როლზე, ასევე საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოში გატარდა ეფექტიანი რეფორმები და ჩვენ ვეცდებით, გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ.  საქართველომ ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია“ – განაცხადა განიევმა.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენს რეგიონში თანამშრომლობის ახალ ეტაპს წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. ეს საშუალებას გვაძლევს, ჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ევროპას აკავშირებს. იმედი გვაქვს, ეს დერეფანი საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ სრულიად ახალი პირობები დიდი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“, – განაცხადა უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა.

ელიორ განიევმა ქართულ პორტებზეც ისაუბრა.

„საქართველო სატრანზიტო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ტვირთების ნაკადი, რომელიც საქართველოზე გაივლის, მაღალ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოთის პორტი, ეს არის შავ ზღვაზე უახლოესი პორტი უზბეკეთისთვის. ჩვენ, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და სხვა ქვეყნები დაინტერესებული ვართ, სატრანსპორტო დერეფანი ეფექტურად ფუნქციონირებდეს. დიდი პოტენციალი აქვს ბათუმის პორტს, ასევე ანაკლიის მშენებარე პორტს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი და აღვადგინოთ აბრეშუმის ძველი გზა“, – აღნიშნა მან.

ელიორ განიევის განცხადებით, 2017 წლის ფორუმმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას მისცა ბიძგი. საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 პროცენტით გაიზარდა.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს გიორგი გახარიამ გახსნა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.