უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ „ცხელების ცენტრს“
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ „ცხელების ცენტრს“

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

ქობულეთში დაფიქსირებულ კორონავირუსის შემთხვევაზე ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დღევანდელ სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მიაწოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა, აუცილებელია, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართონ 112-ს ან შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

დღევანდელ სხდომაზე მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. პაატა იმნაძემ საბჭოს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს“ სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები.

გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის  ექვსი ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

კვლავ აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.