უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ვარაუდობს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. ამის შესახებ ბუდანოვმა ინტერვიუში ისაუბრა.
„გაინტერესებთ პირადად ჩემი მოსაზრება? ვფიქრობ, კი. ეს პარადოქსული სიტუაციაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა სასტარტო პოზიციები დიამეტრულად საპირისპიროა, ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ამ წელს ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. სხვა საკითხია, რამდენად ხანგრძლივი და ეფექტიანი იქნება ის, თუმცა, ვფიქრობ, ეს მოხდება. ამისთვის არსებობს შემადგენელთა უმრავლესობა“, – განაცხადა ბუდანოვმა.
უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების ინიციატივაზე საუბრისას ბუდანოვს ეჭვი ეპარება, ეს უსაფრთხოების გარანტია გახდეს, რადგან, მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ქვეყანა, სადაც მშვიდობისმყოფელთა შეყვანამ იმუშავა. ამასთან, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის შიგნით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს.