უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევებზე ისაუბრეს
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევებზე ისაუბრეს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ლელა ტალიურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებით კანონდარღვევებზე პროკურატურის ინფორმაცია მოისმინეს.

ტალიურის თქმით, 47 საქმეზე პროკურატურამ არჩევნების ჭრილში დაიწყო გამოძიება და აქედან ცხრა საქმეზე გამოძიება შეწყდა, გარკვეული საქმეები კი მიმდინარეა.

მისივე თქმით, დასახელდა ციფრი, თუ რამდენი პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

„ჩვენი მხრიდან ვისაუბრეთ თიანეთის ოლქში მომხდარ ინციდენტზე. კერძოდ, მე-20 საარჩევნო უბანზე და ოლქის ქმედებებზე.

შევახსენეთ კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თიანეთის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდეთ საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ იმ ფაქტით, თუ რა მოხდა რეალურად თიანეთის ოლქში.

ასევე მოვუწოდეთ ცესკო-ს, შეისწავლოს ეს საკითხი და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება. დღევანდელ სხდომაზე ასევე საუბარი იყო კონკრეტულად რეკომენდაციაზე, რომელიც, ალბათ, გამოიცემა კომისიის მიერ, რომ მესამე პირებს არ ჰქონდეთ წვდომა სამაგიდო სიებზე იმ მიზნით, რონ მათ დაამუშაონ სიებისგან მიღებული პერსონალური მონაცემები, ამომრჩეველზე სავარაუდო კონტროლის მიზნით“,-განაცხადა ლელა ტალიურმა.