უცხოელი ექსპერტები ქართველ პოლიტიკოსებს ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ
უცხოელი ექსპერტები ქართველ პოლიტიკოსებს ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ

უცხოელი ექსპერტები ქართველ პოლიტიკოსებს ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით იმართება.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პასუხები კითხვებზე ნარკოპოლიტიკის დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით.

„ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდა. სამუშაო შეხვედრები აქამდეც მიმდინარეობდა, თუმცა ხვალ დაგეგმილი შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჩვენს კოლეგებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ ინტენსიურ დებატებში და მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის რეფორმის ირგვლივ აქვთ დაგროვილი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოში ვიზიტით ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე პორტუგალიის პარლამენტის წევრი, კანადის, კვებეკის პროვინციის მთავრობის მრჩეველი და ევროპის ნარკოპოლიტიკის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ექსპერტები 8 ნოემბერს გაფართოებულ შეხვედრას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ.

შეხვედრის ორგანიზატორი, ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა“.