უსმანე კამარა - „დინამო-არენაზე“ „საბურთალოსთან“ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ შესანიშნავი ატმოსფერო #1TVSPORT
„საბურთალოსთან“ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩამდე „დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა უსმანე კამარამ გულშემატკივრებს მიმართა – 23 წლის გვინეელმა ლეგიონერმა მათ მოუწოდა, „დინამო-არენაზე“ გამართულ პრინციპულ შეხვედრაზე მივიდნენ.
„ორშაბათს „დინამოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. მინდა სტადიონზე თქვენი ძალა და მხარდაჭერა ვიგრძნო. მოდით „დინამო-არენაზე“ და ყველამ ერთად შევქმნათ პოზიტიური და შესანიშნავი ატმოსფერო“, – უსმანე კამარას სიტყვებს „დინამოს“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
„დინამო თბილისი“ „საბურთალოს“ მიიღებს. მე-14 ტურის ეს დაპირისპირება „დინამო-არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. „დინამო თბილისმა“ ორიოდე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომ ეროვნული ლიგის შემდეგი ტურის შეხვედრას სკოლის მოსწავლეები Cool Card-ით უფასოდ დაესწრებიან, მაგრამ ბათუმის „დინამოსთან“ მომხდარი ინციდენტის გამო მათ მხოლოდ მეორე იარუსზე შეუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ მე-11 ტურში, „დინამო თბილისისა“ და ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრის მსვლელობისას სტადიონზე გულშემატკივრების რეკორდული რაოდენობა, 22 ათასი მაყურებელი მივიდა, მათ შორის იყვნენ Cool Card-ით მატჩზე უფასოდ შეშვებული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მატჩის მსვლელობისას არაერთხელ შევარდნენ მოედანზე, ბოლოს კი სტადიონზე მასიურად შეცვივდნენ და ბათუმელთა ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთან სურათის გადაღებას ცდილობდნენ.