Cool Card-ით მხოლოდ მეორე იარუსზე - „დინამო“ ინციდენტების პრევენციას ცდილობს #1TVSPORT
Cool Card-ით მხოლოდ მეორე იარუსზე - „დინამო“ ინციდენტების პრევენციას ცდილობს #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ განცხადება გაავრცელა, რომ კლუბი ეროვნული ლიგის შემდეგი ტურის შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს მხოლოდ მეორე იარუსზე დაუშვებს.

„ეროვნული ლიგის შემდეგ ტურში „დინამოს“ შემდეგი მეტოქე „საბურთალო“ იქნება. სტადიონზე სალაროები გაიხსნა დღეს, 12 საათიდან. Cool Card-ით მატჩზე დასწრებას უფასოდ, მეორე იარუსზე შეძლებთ“, – წერია განცხადებაში.

ეროვნული ლიგის მე-14 ტური სწორედ ამ მატჩით გაიხსნება – თბილისურ დერბიში, ორშაბათს, 16 მაისს, „დინამო თბილისი“ 19:00 საათზე „საბურთალოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მე-11 ტურში ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრის მსვლელობისას სტადიონზე გულშემატკივრების რეკორდული რაოდენობა, 22 ათასი მაყურებელი მივიდა, მათ შორის იყვნენ Cool Card-ით მატჩზე უფასოდ შეშვებული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მატჩის მსვლელობისას არაერთხელ შეეცადნენ მოედანზე შესვლას, ბოლოს კი სტადიონზე მასიურად შეცვივდნენ და ბათუმელთა ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთან სურათის გადაღებას ცდილობდნენ.

სავარაუდოდ, მატჩის მონაწილეთა უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფისთვის „დინამო თბილისი“ დაისჯება, რაც სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას გულისხმობს. მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ლიგის 13-ე ტურში „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაზე მხოლოდ მედიისა და გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს.

„დინამოში“ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ინციდენტების პრევენციის მიზნით მიიღეს. „დინამო არენაზე“ არის საშუალება, მსგავსი ინციდენტები თავიდან ისე იქნას აცილებული, მაყურებელი რომ არ შეიზღუდოს – ქვეყნის მთავარი საფეხბურთო სტადიონის მეორე იარუსიდან მოედანზე შეღწევა წარმოუდგენელია.

დატოვე კომენტარი