უშიშროების საბჭოში გიგა ბოკერიას მდივნობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე კიდევ ერთი პირი დაიკითხა
უშიშროების საბჭოში გიგა ბოკერიას მდივნობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე კიდევ ერთი პირი დაიკითხა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე „საინფორმაციო და პიარტექნოლოგიების ცენტრის“ თავმჯდომარე ალექსანდრე სულავა დაიკითხა. ალექსანდრე სულავა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე სულავას კომპანია უშიშროების საბჭოს კონტრაქტორი იყო. მათივე ინფორმაციით, საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო, ამიტომ საგამოძიებო ორგანო დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

გამომძიებლის ინფორმაციით, ალექსანდრე სულავა 13 დეკემბერს პროკურატურაში უკვე დაიკითხა, თუმცა მან გამოკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა. მისივე თქმით, ადვოკატებმა სულავას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვეს. პროკურორის თქმით, ალექსანდრე სულავამ მაგისტრი მოსამართლის წინაშე სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა.

ადვოკატები ალექსანდრე სულავას პროკურატურაში გამოკითხვის ფაქტს უარყოფენ.

აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 16 დეკემბერს დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერიაც.