უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში უხვმა ნალექმა მურმან ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბი დააზიანა
უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში უხვმა ნალექმა მურმან ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბი დააზიანა

უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში უხვმა ნალექმა მურმან ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბი დააზიანა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ტრადიციული სვანური საცხოვრისის სახურავს ახლომდებარე კოშკის სახურავიდან ჩამოვარდნილი ყინულის მასა დაეცა.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ადგილზე უკვე მობილიზებული ჰყავს ჩაჟაშის ახლადშექმნილი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ხარისხს სწავლობს. პრევენციის სახით, ჯგუფის წევრები ამავდროულად იმ საგვარეულო კოშკებისა და მაჩუბების ფიზიკურ მდგომარეობასაც დააკვირდებიან, რომელთაც მესაკუთრეების არყოფნის მიზეზით გადმოთოვის პრობლემა აქვთ. საჭიროების შემთხვევაში კი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები აუცილებელ ღონისძიებებს გაატარებენ.

ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელსვე, ჩაჟაშის კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აღადგენს. ორი წლის წინ რეაბილიტირებული საცხოვრისის დაზიანებული სეგმენტების რეაბილიტაციას კვლავაც კომპანია „თავერსი პლიუსის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.

რეაბილიტაციის პროცესი ჩაჟაშში მიმდინარე წლის აპრილის თვიდან განახლდება. პროგრამის ახალი ეტაპიც წინა წლებში განხორციელებული სამუშაოების მსგავსად, სარეაბილიტაციო ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრებას მოიცავს. წელსვე იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჯამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.

ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროცესი 2014 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ( ფონდი „ქართუ“ ) დაფინანსებით მიდის. ამ დროისთვის, ჩაჟაშში მდებარე 50 მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე სრულადაა აღდგენილი 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. დასრულებულია ადგილობრივი ეკლესიის ქვის საკონსერვაციო და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც. რეაბილიტაციის პროგრამა 2020 წელს უნდა დასრულდეს. “- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უშგულის თემის სოფელ​ი ჩაჟაში 1996 წლიდან​ იუნესკოს ძირითად ნუსხაშია შეტანილი.