უშანსო წაგება კოპენჰაგენში - დანია 5:1 საქართველო | ევრო 2020
უშანსო წაგება კოპენჰაგენში - დანია 5:1 საქართველო | ევრო 2020

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიას ესტუმრა და ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა – დაცვაში გიორგი ნავალოვსკი დააბრუნა, ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი და ლაშა პარუნაშვილი დააყენა, ხოლო ფლანგზე – საბა ლობჟანიძე. გუნდი მოედანზე ოთხი საყრდენი ნახევარმცველით და თავდამსხმელის გარეშე იყო, ნომინალური ფორვარდის როლში კი საყრდენი ვაკო გვილია ვიხილეთ.

კოპენჰაგენის „თელია პარკენზე“ დასრულებულ შეხვედრაში დანიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. კუთხურის გათამაშების შემდეგ საქართველოს ნაკრების კარი ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელმა კასპერ დოლბერგმა აიღო 1:0.

საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა 25-ე წუთზე აღადგინა – სწრაფი კონტრშეტევა ვაკო გვილიამ განავითარა, რომლის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბა ლობჟანიძემ კასპერ შმეიხელის კარი აიღო – 1:1. აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე დანიურ კლუბში, „რანდერსში“ თამაშობს, ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კი პირველ შეხვედრას ატარებს.

31-ე წუთზე დანიელები ისევ დაწინაურდნენ: საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტი კრისტიან ერიქსენმა შეასრულა, მეკარე გიორგი ლორიამ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთს თითებით შესწვდა, მაგრამ ვერ მოიგერია – 2:1.

დანიელები პირველივე ტაიმში იძულებულები გახდნენ, შეცვლა განეხორციელებინათ – ტრავმის გამო მოედანი მასპინძელთა კაპიტანმა, „სევილიას“ მცველმა კასპერ კიაერმა დატოვა, რომელიც მატიას იორგენსემმა შეცვალა.

დანიელების უპირატესობით მიმდინარეობდა მეორე ტაიმიც, 63-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა კასპერ დოლბერგმა გაზარდა და დუბლი შეასრულა – 3:1. ამ ეპიზოდში დანიელთა ნახევარმცველმა ტომას დილეინმა მეკარე ლორიასთან ორთაბრძოლისას წესი დაარღვია, თუმცა ავსტრიელმა მსაჯმა რობერტ შორგეჰოფერმა ბლოკირებაზე თვალი დახუჭა.

საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ რეალური საგოლე მომენტი შექმნა – თავის გამოჩენის შანსი ჰქონდათ საბა ლობჟანიძეს და ოთარ კიტეიშვილს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. დანიელებმა კი სტუმართა კარი კიდევ ორჯერ აიღეს – სწრაფი შეტევა ჯერ იუსუფ პოულსენმა დააგვირგვინა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა მარტინ ბრეითვეითმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.

მასპინძელთა უპირატესობაზე სტატისტიკაც მეტყველებს – მათ 601 პასი გააკეთეს, საიდანაც ზუსტი იყო 90%. საქართველოს შესაბამისი მაჩვენებლები 274 და 78 პროცენტია. დანიელებმა კარში და კარის მიმართულებით 19-ჯერ დაარტყეს, „ჯვაროსნებმა“ – ოთხჯერ. ბურთის ფლობაშიც უპირატესობა დანიელებს ჰქონდათ – 55% ჩვენების 45%-ის წინააღმდეგ.

ჯაბა კანკავამ მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და დანიასთან მეორე შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც 8 სექტემბერში თბილისში გაიმართება.

დანია 5:1 საქართველო

გოლები: 1:0 დოლბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიქსენი (31. პენალტი), 1:0 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეითვეითი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (36. იორგენსენი), კრისტიანსენი, სკოვი, დილეინი, ერიქსენი, დოლბერგი, სტრიუგერ-ლარსენი, პოულსენი (75. ბრეითვეითი), ჰეიბერგი
მთავარი მწვრთნელი: ოგე ჰარეიდე

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (79. დვალი) – კანკავა, კვეკვესკირი, პარუნაშვილი (58. პაპუნაშვილი) – კიტეიშვილი (73. ლობჯანიძე), გვილია, ლობჟანიძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მთავარი მსაჯი: რობერტ შორგეჰოფერი (ავსტრია)

გაფრთხილებები: კანკავა (30), კვეკვესკირი (52), გვილია (54), პაპუნაშვილი (64)

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფში პარალელურად მეორე შეხვედრა გაიმართა, დუბლინში ირლანდიამ გიბრალტარი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა. ოთხი ტურის შემდეგ საქართველომ 3 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა.

„დ“ ჯგუფი

თამაში ქულა

ირლანდია 4 10

დანია 3 5

შვეიცარია 2 4

საქართველო 4 3

გიბრალტარი 3 0