USAID-ის მისიის დირექტორი - საქართველოსთვის გრანტის გამოყოფა არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი, ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით
USAID-ის მისიის დირექტორი - საქართველოსთვის გრანტის გამოყოფა არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი, ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით

საქართველოსთვის აშშ-ისგან გრანტის გამოყოფა არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი, ვამაყობთ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობით, – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის“ ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა და საქართველო არიან ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები და ხელმოწერით კიდევ უფრო მყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები USAID-ის სახელით. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ელჩ კელი დეგნანთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად. ეს არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი.

თქვენ იცით, რომ ამერიკა და საქართველო არიან ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები და ხელმოწერით კიდევ უფრო ვამყარებთ ამ ურთიერთობას. ეს არის ორმხრივი შეთანხმება განვითარების მიზნების შესახებ, რომლის საფუძველზეც, USAID-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს. შეთანხმება ჩვენი სტრატეგიის საფუძველზე შეიქმნა. სტრატეგია მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მოდის ამავე დროს ამერიკელი გადახმდელებისგანაც.

ამ ეტაპზე სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ერთი არის მავნე ზეგავლენის წინააღდეგ ბრძოლას, რომელიც მოიცავს ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ისე გაძლიერებას, რომ თვითონ ქვეყანამ თავად შეძლოს თავისი განვითარების გამოწვევების გადაჭრა და ჰქონდეს ამის უნარი. ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასაც და ანგარიშვალდებულებას მოქალაქეებისადმი. მესამე, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც განაპირობებს რეალურად ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს სწორედ ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რაშიც ეს თანხები გამოიყოფა. ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან. თქვენთვის ცნობილია ალბათ, რომ USAID-ი გადადის საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე და მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლობისთვის პრემიერ-მინისტრს და ელჩ კელი დეგნანს“, – განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.