USAID-ის დირექტორის მოადგილე​ - საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა, რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა, „ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ აღიარებული ვალდებულება არ შეასრულა
USAID-ის დირექტორის მოადგილე​ - საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა, რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა, „ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ აღიარებული ვალდებულება არ შეასრულა

პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი, ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ბროკ ბირმანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება

„სექტემბერში თბილისში, საქართველოში ვიზიტისას, პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმა გავიდოდა. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საჯაროდ აღიარებული ვალდებულება 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა კიდევ უფრო კრიტიკულია“, – წერს ბროკ ბირმანი და იქვე აზიარებს მის მიერ სექტემბერში „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ტექსტს, სადაც ბროკ ბირმანი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაზესთან პოზიტიურ შეხვედრაზე საუბრობს.

ბროკ ბირმანი ასევე წერს, რომ იმედგაცრუებულია „ქართული ოცნების“ მიერ დანაპირების არ შესრულებით და აღნიშნავს, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის რეფორმები და პოლიტიკური პლურალიზმი გადამწყვეტია.

USAID-ის წარმომადგენელი ასევე მოუწოდებს ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს, აწარმოონ კონსტრუქციული დიალოგი, აღადგინონ ნდობა და უთანხმოება მშვიდობიანი დემოკრატიული პროცესების საშუალებით მოაგვარონ.