უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათში დატოვონ
რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის 48 საათში დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა ქვეყანა 24 ან 48 საათში უნდა დატოვოს, რადგან რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხე ძალიან მაღალია. სალივანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა აშშ-ის შეშფოთება გამომდინარეობს უკრაინის გარშემო რუსეთის შეიარაღებული ძალების განლაგებიდან. მისი თქმით, უკრაინის საზღვართან, ბელარუსში, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსება მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვს უკრაინაში შეჭრა რამდენიმე დღეში შეუძლია.
„ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს და ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმარისად მაღალია. წინდახედულება გვმართებს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა თუ დაიწყება, სავარაუდოდ ის დაიწყება საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით, რაც გამოიწვევს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას, მათი ეროვნების მიუხედევად. შემდგომი სახმელეთო შეჭრა აშკარად მოიცავს მასიური ძალებით შეტევას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ თავად ჯო ბაიდენმაც მოუწოდა.