უსაფრთხოების ნორმების დარღვევა პროვაიდერებისა და კონტრაქტორი კომპანიების დაჯარიმებას გამოიწვევს
უსაფრთხოების ნორმების დარღვევა პროვაიდერებისა და კონტრაქტორი კომპანიების დაჯარიმებას გამოიწვევს

დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების დროს, უსაფრთხოების რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, პროვაიდერები და მერიის კონტრაქტორი კომპანიები დააჯარიმდებიან.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს ყველა პროვაიდერი თუ კონტრაქტორი კომპანიის კონტროლი და რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, დააჯარიმოს ისინი, რათა ფეხით მოსიარულეები და ავტომანქანის მძღოლები დაცული იყვნენ დაზიანებისგან.

„თქვენც ხედავთ, დედაქალაქში რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ხშირად პარალელურ რეჟიმშიც კი. ეს გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა მთავარი შედეგია და იგი მიმართულია დედაქალაქისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. ყველას გვინდა, ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემის გარეშე, გამწვანებული და უსაფრთხო. ზოგადად, როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების თემებს. მე, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სამუშაოების დათვალიერება და არის შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მაგალითად, შეიძლება კონკრეტული ადგილი იყოს ამოთხრილი და შემაკავებელი ჯებირები არ იდგეს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე, მძღოლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის დარღვევებზე მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს, კონტრაქტორი კომპანია კი, დაჯარიმდეს.

„მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს, მაქსიმალური ყურადღება გაამახვილოთ ამ მიმართულებით. ჩვენ ყველა კონტრაქტორი გვყავს გაფრთხილებული, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს. შესაბამისად, ვინც დაარღვევს ამ მოთხოვნებს, მყისიერი რეაგირება მოახდინეთ, არ დაინდოთ არავინ, რადგან ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე. ამიტომ, როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. ჩვენ ამას ვთხოვთ კომპანიებს, რომლებიც კორპუსებს და სასტუმროებს აშენებენ და პირველ რიგში, ჩვენმა კონტრაქტორებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, დღეიდანვე იმოქმედეთ ამ მიმართულოებით და მიიღეთ მკაცრი ზომები, რათა მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იურიდიული პირების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენს, იგივე დარღვევა ისტორიული შეზღუდვის ზონებში 6 000 – ლარიან ჯარიმას იწვევს. რაც შეეხება ფიზიკური პირებს, ეს თანხა 1 000 ლარია, ხოლო ისტორიულ ზონაში უსაფრთხოების ნორმის დაუცველობა ფიზიკურ პირს 2 000-ლარიან პასუხისმგებლობას დააკისრებს.