უსაფრთხო ნაოსნობის მიზნით, სანავსადგურე ერთეულების უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
უსაფრთხო ნაოსნობის მიზნით, სანავსადგურე ერთეულების უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

საქართველოში სანავსადგურე ერთეულების უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. „საზღვაო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ინიციატორი დეპუტატები, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე და ლევან მგალობლიშვილი არიან.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა- პატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე.

ცვლილებების მიხედვით, ნავსადგურში ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელ არხზე სანავსადგურე ერთეულებს ექნებათ თანაბარი უფლება და წვდომა. ასევე, დადგინდება ვალდებულებები სანავსადგურე ერთეულების მიმართ. კერძოდ, არც ერთ სანავსადგურე ერთეულს არ ექნება უფლება, მეორე სანავსადგურე ერთეულში შემსვლელ და გამსვლელ გემებს დაუწესოს შემოსასვლელი არხით სარგებლობის საზღვაური ან რაიმე სხვა სანავსადგურე საზღაური.

ამასთან, პროექტით, საერთო შესასვლელ არხში/შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს.

პროექტის მიხედვით განისაზღვრება, რომ საქართველოს ნავსადგურში ორი ან მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში, სანავსადგურე ერთეულები შესასვლელი არხის დარღმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებე,ნ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.

ინიციატორები ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ და განმარტავენ, რომ ეს მოთხოვნა გამოწვეულია რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით. მათი თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით სატვირთო გადაზიდვების განხორციელებაზე, რაც საჭიროებს სათანადო მზაობას საქართველოში არსებული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, მათ შორის სანავსადგურე სექტორის მხრიდან.

პროექტის ინიციატორების განცხადებით, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნავსადგურებში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდებოდეს ყველა შესაბამისი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია გემების შესვლა-გასვლის, მათი დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტვირთის დამუშავების უზრუნველყოფასთან.