უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით რეგულაციების შემუშავებაზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ
უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით რეგულაციების შემუშავებაზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ

უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით რეგულაციების შემუშავებაზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი პირველადი ვარიანტი უკვე მზად არის, სადაც მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული მოთხოვნები, არა მხოლოდ გაზის მიმწოდებელ კომპანიებზე, არამედ მომხმარებლებზეც.

„ჩვენ ვცდილობთ, დავეყრდნოთ საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. თბილისში და ზოგადად საქართველოში მშენებლობა განვითარდა, სამწუხაროდ, სრული საკანონმდებლო ვაკუუმის ჩარჩოებში. გვაქვს მოცემულობა, რომ ეს რისკი გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ, რომ ახალი ობიექტების ჩაბარებისას მათი მშენებლობისას, გათვალისწინებული იქნება უმაღლესი სტანდარტი. იქნებიან სერთიფიცირებული კომპანიები, რომლებიც მოახდენენ სისტემის მონტაჟს, მაგრამ ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ უკვე არსებობს ძალიან დიდი რაოდენობის ობიექტები, რომელიც ადრე აშენდა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ იდენტიფიცირება უკვე რისკფაქტორების შემცველი ობიექტების, რომ მოვახდინოთ მსგავსი ტრაგედიების პრევენცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.