ურუგვაიში გამოფენა „აღმოაჩინე უცნობი ევროპა: საქართველო - სიცოცხლის ქვეყანა“ გაიხსნა
ურუგვაიში გამოფენა „აღმოაჩინე უცნობი ევროპა: საქართველო - სიცოცხლის ქვეყანა“ გაიხსნა

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცერემონიების დარბაზში  გამოფენა – „აღმოაჩინე უცნობი ევროპა: საქართველო – სიცოცხლის ქვეყანა“ გაიხსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბადრი ვადაჭკორიასა და გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული საქართველოს ამსახველი ფოტოები.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს ურუგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა და ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ელჩმა რიკარდო ვარელამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ურუგვაის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების და ურუგვაიში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუმრებს შორის იყო  ურუგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სენატორი მონიკა ქსავიერი.

გამოფენის დათვალიერება მსურველს 14 ივნისამდე შეეძლება.