სამხრეთ კორეამ პორტუგალია დაამარცხა და კრიშტიანო რონალდოს გუნდთან ერთად მერვედფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
სამხრეთ კორეამ პორტუგალია დაამარცხა და კრიშტიანო რონალდოს გუნდთან ერთად მერვედფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიამ ორი მოგებით გახსნა და წინასწარ გაინაღდა მერვედფინალის საგზური. დარჩენილი ერთი ადგილისთვის ურუგვაი, სამხრეთ კორეა და განა იბრძოდნენ.

 

 

სამხრეთ კორეას საწყის ორ ტურში ერთი ქულა ჰქონდა (ფრე ურუგვაისთან) და პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გასვლის რეალური შანსი გააჩნდა.

მართალია, კრიშტიანო რონალდოსა და მის პორტუგალიელ თანაგუნდელებს მომდევნო ეტაპზე თამაში გარანტირებული ჰქონდათ, მაგრამ მწვრთნელმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა და ევროპელებმა გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლეს. პირველი გოლი სწორედ მათ გაიტანეს.

სამხრეთ კორეამ მალევე გაათანაბრა:

პირველი ტაიმის დარჩენილი დრო და მეორე ნახევარი ბრძოლაში მიილია, გოლი კი არ ჩანდა. კორეელებს თავდადება მაინც დაუფასდათ – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰვანმა სონის გადაცემით ისარგებლა და თანაგუნდელებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა – 2:1.

ასეთი შედეგით სამხრეთ კორეა ქულებით ურუგვაის გაუთანაბრდა (4-4), მიღებულ-წაგებული ბურთებით კი პლეი-ოფში კორეელები გავიდნენ. მათ 4-4 გატანილ-გაშვებული ბურთი დაუგროვდათ, ურუგვაის – 2-2. აზიელებმა უპირატესობა მეტი გატანილი გოლის წყალობით მიიღეს.

 

ურუგვაისა და განის მატჩს მსოფლიო ჩემპიონატებზე მოკლე, მაგრამ ხმაურიანი ისტორია აქვს.  2010 წელს მუნდიალზე ურუგვაი-განის შეხვედრაში გადამწყვეტი იყო ლუის სუარესის მოქმედება, რომელმაც ბურთი კარის ხაზიდან ხელით გამოიტანა. მსაჯმა ის გააძევა, თუმცა პენალტი ურუგვაის ნაკრების მეკარემ, მუსლერამ მოიგერია და, საბოლოოდ, პენალტების სერია სწორედ ურუგვაელებმა მოიგეს.

ისტორია განმეორდა – კატარშიც დაინიშნა თერთმეტმეტრიანი ურუგვაის კარში. მეკარემ ამჯერედაც მოიგერია:

ურუგვაიმ კი ამ ჩემპიონატში უგოლო სერია მალევე დაასრულა და მატჩის 32-ე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა. ეს ანგარიში შენარჩუნდა მატჩის ბოლო წუთებამდე.

რადგან პარალელურად მიმდინარე მატჩში სამხრეთ კორეამ პორტუგალია 2:1 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ურუგვაის კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა. სამხრეთამერიკულმა ნაკრებმა ბევრიც იბრძოლა, არაერთი მომენტიც შექმნა, მაგრამ მერვედფინალში გამსვლელი გოლი ვერ გაიტანა.

H ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით პორტუგალია გავიდა, მეორით – სამხრეთ კორეა.

H ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 24.11.2022 17:00 ურუგვაი-სამხრეთ კორეა 0:0
I ტური 24.11.2022 20:00 პორტუგალია-განა 3:2
II ტური 28.11.2022 17:00 სამხრეთ კორეა-განა 2:3
II ტური 28.11.2022 23:00 პორტუგალია-ურუგვაი 2:0
III ტური 02.12.2022 19:00 განა-ურუგვაი 0:2
III ტური 02.12.2022 19:00 სამხრეთ კორეა-პორტუგალია 2:1

 

H ჯგუფი
1 პორტუგალია 3 2 0 1 6-4 6
2 სამხრეთ კორეა 3 1 1 1 4-4 4
2 ურუგვაი 3 1 1 1 2-2 4
4 განა 3 1 0 2 5-7 3