ურსულა ფონ დერ ლაიენი „ბრექსიტის“ თარიღის გადაწევის ინიციატივით გამოდის
ურსულა ფონ დერ ლაიენი „ბრექსიტის“ თარიღის გადაწევის ინიციატივით გამოდის

ურსულა ფონ დერ ლაიენიბრექსიტის“ თარიღის გადაწევის ინიციატივით გამოვიდა. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ბლოკიდან თანმიმდევრულად გასვლისთვის „ბრექსიტის“ ვადის გადაწევას ითხოვს, ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს, რაც თავდაპირველ ვადას ნახევარი წლით სცდება.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს „ბრექსიტის“ საკითხთან ერთად, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყურადღება კლიმატის ცვლილებაზეც გაამახვილა. ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, პოსტზე არჩევის შემთხვევაში, ევროპა კლიმატით ნეიტრალური პირველი კონტინენტი გახდება. გერმანელი პოლიტიკოსის განმარტებით, მათთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სწორედ კლიმატის ცვლილებაა.

განცხადებაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში, პირველ 100 დღეში ევროპას სპეციალურ პროგრამას შესთავაზებს, რომელიც 2050 წლისთვის კლიმატის მხრივ მას ნეიტრალურ კონტინენტად აქცევს.

ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ.